Skip to content

პროექტის შესახებ

 

პროექტის აქტუალობა

გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან მოყოლებული, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ, მნიშვნელოვნად გაიზარდა ემიგრაციაში წასული საქართველოს მოსახლეობის რიცხვი. ემიგრაციის ტალღის გაზრდის პარალელურად იმატა შერეული ოჯახების რიცხვმაც, რამაც გამოიწვია ახალი თაობის ბილინგვალურ პირობებში აღზრდა. ცნობილია, რომ დიასპორებში არა მარტო შერეულ ოჯახებში არის შეზღუდული ქართული ენის გამოყენება, არამედ უცხოეთში მცხოვრებ და მოღვაწე მონოეთნიკურ თანამემამულეთა ოჯახებშიც დასტურდება ქართული ენის შეზღუდული გამოყენების ტენდენცია, რაც მკაფიოდ აისახება მოზარდი თაობის ენობრივ კომპეტენციაზე. ქართული ენის შენარჩუნებას უცხოეთში მცხოვრები ქართველებისათვის არსებითი მნიშვნელობა აქვს მათი ეთნიკური იდენტობის შესანარჩუნებლად. ამის მიღწევის ერთ-ერთ გზად მიგვაჩნია კულტურული მეხსიერების ტრანსმისია და ენობრივი კომპეტენციის ამაღლება.

 

პროექტის მიზანი

საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებში ეროვნული იდენტობისა და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნება უაღრესად მნიშვნელოვანია ერთიანი საქართველოსათვის – საქართველოსათვის შინ და გარეთ. უცხოეთში მცხოვრები  მოზარდი და ახალგაზრდა თაობა, რომელიც უცხოენოვან გარემოში იზრდება და განათლებას უცხო ენაზე იღებს, მოწყვეტილია ქართულ სოციოკულტურულ გარემოს და მისი ენობრივი და ეთნიკური იდენტობის შენარჩუნება იმ აქტივობებზე არის დამოკიდებული, რომელსაც მას ოჯახური გარემო და დიასპორული ორგანიზაციები სთავაზობენ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტი „ჩემი რუსთაველი“ მიზნად ისახავს ეროვნული თვითშეგნების ამაღლებას, ქართული ლიტერატურისადმი ინტერესის გაღვიძებას და  დიასპორაში ქართული ენის სრულფასოვანი ათვისებისათვის ხელის შეწყობას. ამ მიზნით შეიქმნა ქართული არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ ციფრული პორტალი, რომელიც საშუალებას აძლევს უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს მშობლიურ ენაზე წაიკითხონ ქართული ლიტერატურის შედევრი – შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“ ან გაეცნონ  პოემას თარგმანების მეშვეობით.

 

პროექტის რესურსები

ციფრულ პორტალზე „ჩემი რუსთაველი“ პოემა განთავსებულია  შვიდ ენაზე: ქართულად, ინგლისურად, გერმანულად, ფრანგულად, იტალიურად, ესპანურად და ბერძნულად. „ვეფხისტყაოსნი“ ტექსტი პარალელური ფორმით არის მოცემული პორტალზე (ქართულ-ინგლისური, ქართულ-გერმანული, ქართულ-ფრანგული, ქართულ-იტალიური, ქართულ-ესპანური და ქართულ-ბერძნული).

თარგმანის ციფრული ვერსიები შექმნილია შემდეგი გამოცემების მიხედვით:

  • Rusthweli, Schotha. Der Recke im Tigerfell: Ein altgeorgisches Poem / Deutsche Nachdichtung von Hugo Huppert; Herausgegeben von Jost Gippert und Manana Tandaschwili; Wiesbaden: Reichert Verlag, 2014. ISBN 978-3-95490-045-9
  • Roustaveli, Chota. Le Chevalier à la peau de pantere / Trad. du géorg., préface et commenté par Gaston Bouatchidze; Traduction revu par M. M. Philippe Dumaine et Bernard Outtier; Ill. de Roussoudans Petviachvili; Presentation de A. Youlikov . Glossaire a la fin du texte. Moscou: Radouga, 1989.
  • Rustaveli, Sciota. L’uomo dalla pelle di leopardo / Prima riduzione italiana in versi a cura di Antonio Bonelli. Ragusa: Libroitaliano, 1998.
  • Rustaveli, Shota. EI Caballero de la Piel de Tigre / Edicion critica y estudio preliminar de Maria Elvira Roca Barea. _ [Malaga]: Universidad de Malaga, 2003. ISBN 84-7496-994-8.
  • Rustaveli, Shota. The Knight in the Panther’s Skin / Transl. from the Georgian by Venera Urushadze / Editors: Kevin Crossley-Holland and Nico Kiasashvili / Illustrations: by Zurab Kapanadze._ Tbilisi: Sabchota Sakartvelo, 1979.
  • Σότα Ρουσταβέλι, “Ο ιππότης με δέρμα Τίγρη“, Εμμανουήλ Μηταφίδη, 2016, Αθήνα.  

თარგმანების ციფრულ ვერსიებზე მუშაობდნენ: მანანა თანდაშვილი, მარიამ გობიანიძე, მარიამ ყამარაული, მაია ქუქჩიშვილი, ლიკა შონია, იულიან ჰაშე და ლუიზა ნარცისი.

პროექტის ავტორებმა გაითვალისწინეს რა მე-12 საუკუნეში შექმნილი პოემის ლექსიკის გაგების სირთულე,  პორტალზე დამატებით განათავსეს „ვეფხისტყაოსნის“ მცირე განმარტებითი ლექსიკონი, რომელიც საშუალებას აძლევს პორტალის მომხმარებელს მოიძიოს მისთვის გაუგებარი სიტყვა ლექსიკონში და გაიგოს მისი მნიშვნელობა.  

 

პროექტის მოსალოდნელი შედეგი

პროექტის ავტორების ღრმა რწმენით, პროექტის განხორციელება საშუალებას მოგვცემს დავეხმაროთ ქართულ დიასპორას  კულტურული ტრანსმისიის პროცესში და ქართული ენობრივი კომპეტენციის ამაღლებაში. დარწმუნებული ვართ, რომ მრავალენოვანი ციფრული პორტალი „ჩემი რუსთაველი“ დაეხმარება ჩვენს თანამემამულეებს უცხოეთში  (ინგლისურენოვან, გერმანულენოვან, ესპანურენოვან, ფრანგულენოვან, იტალიურენოვან და ბერძნულენოვან ქვეყნებში) ცხოვრების პერიოდში არა მარტო იდენტობის შენარჩუნებაში, არამედ მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მომავალში მათ შესაძლო რეინტეგრაციას საქართველოში.

პროექტის ავტორი: პროფ. მანანა თანდაშვილი

პროექტის თანაავტორი: მარიამ გობიანიძე

ვებდიზაინი და კალიგრაფიული შრიფტები: დავით მაისურაძე

პორტალის ტექნოლოგიული მართვა: დოქტ. ტობიას ვაისი და დოქტ. მარიამ ყამარაული

ქართული